საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, დავაფუძნებ პარტიას“

bidzina_ivanishvili10თბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა „უსუსური და უაზრო“ უწოდა სამოქალაქო რეესტრის იმ დასკვნას, რომლითაც მას ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა და გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქე იქნება.

„21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, დავაფუძნებ და მივიღებ დაფუძნებაში მონაწილეობას ახალი პარტიისა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა მან 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

„უფრო მოგვიანებით ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება და მისი სახელი იქნება „ივანიშვილი – ქართული ოცნება“. მე ვიქნები ლიდერი ამ ბლოკის და მევე დავრჩები პრემიერმინისტრობის კანდიდატი“, – აღნიშნა მან.

როგორც ივანიშვილის ადვოკატმა და მისი მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს ეწურება ბოლო ვადა, რათა გაიზიაროს ან არ გაიზიაროს სამოქალაქო რეესტრის მცდარი და კანონშეუსაბამო დასკვნა.

„ველოდებით, – განაცხადა მან და განმარტა, რომ ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის 21 აპრილისთვის საქართველოს მოქალაქე იქნება, – ეს არის ჩვენი რწმენა“.

მან თავი აარიდა შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებზე საუბარს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უარს იტყვის მოქალაქეობის მიცემაზე.

ბრიფინგზე საუბრისას, სადაც ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, მან, ასევე, განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში კოალიცია გააქტიურდება, რათა ნელ-ნელა წამოიწიოს  ქართველი ხალხის სულისკვეთებამ.

„მე მაქვს პროგრამა კონკრეტულად, ჩვენს გუნდს აქვს პროგრამა, გარწმუნებთ, დაწერილი, – განაცხადა მან. – ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ ერთი-ორი კვირის შემდგომ წამოწევას ქართველი ხალხის სულისკვეთების, ჩვენ ნელ-ნელა ვაიძულებთ, დაიხიოს უკან ძალადობამ და სააკაშვილის ძალადობა ვეღარ გამოიყენოს ასე ჩვენმავე პოლიციამ. და მე გპირდებით, რომ შემოდგომისთვის ჩვენ სიტუაციას მოვიტანთ ისეთს, რომ ქართველებს აღარ ექნებათ შიში, ისინი თავისუფლად და ლაღად მოვლენ და გააკეთებენ სწორ არჩევანს. და ჩვენ უარს ვიტყვით მოძალადე სააკაშვილზე“.