პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ადვოკატები პრეზიდენტისაგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან

advokatiთბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გავრცელდა, აფსურდს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა განუცხადა, რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული განცხადება უკანონოა.

„ის, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი იყო საფრანგეთის მოქალაქე და ამის გამო არ შეიძლება მას მოქალაქეობა მიენიჭოს, ეს არის სასაცილო და უკანონო, ვინაიდან ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი, რასაკვირველია, უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, აბა ის ციდან ხომ არ ჩამოფრინდებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე განცხადებით 2012 წლის 5 იანვარს მიმართა.თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით მას შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ადვოკატები ელიან პრეზიდენტისაგან გადაწყვეტილებას, რადგან საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის.

„პრეზიდენტი ღებულობს მოქალაქეობის მიცემა-არმიცემის შესახებ გადაწყვეტილებას. და დღესაა ბოლო ვადა მის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისა. ჩვენ ველოდებით მისგან თავის პოზიციის განსაღვრას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.