სამართალი
ფანჯიკიძე: „ივანიშვილის მოქალაქეობაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია“

panjikiZeთბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. „ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე უარის თქმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ, თუმცა ეს ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს არ შეცვლის“, – განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, – თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მას [პრეზიდენტ სააკაშვილს] შეეშინდა ძლიერი კონკურენტის. ახლაც ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის ხალხის განწყობა, იცის რეალური რეიტინგები და იცის, რომ იგი არ არის კონკურენტუნარიანი“.

მისი თქმით, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებში არაფერი შეიცვლება და ივანიშვილი მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერი, მის კოალიციას ერქმევა „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“, იგი, ასევე, იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამ გაერთიანებისა, ეს კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში და ყველა დასახული გეგმა იქცევა რეალობად“, – აღნიშნა მან.

ფანჯიკიძის ინფორმაციით, თავად ივანიშვილი განცხადების გაკეთებას 5 აპრილისთვის გეგმავს.

საქართველოს მოქალაქეობის არქონა ივანიშვილს უზღუდავს  უფლებას, გახდეს პარტიის ლიდერი და კენჭი იყაროს არჩევნებში. მას, ასევე, არ ექნება უფლება,  მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს.

საპარლამენტო უმცირესობისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არავის სჯერა იმის, რომ სამოქალაქო რეესტრის დასკვნა მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და მასში პოლიტიკა არანაირ როლს არ ასრულებს. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის.

თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სადავო თემა, რომლის გადაწყვეტის პროცესიც, სავარაუდოდ, ხანგრძლივად გაგრძელდება, შეიძლება მოგვარდეს კონსტიტუციაში ივანიშვილისთვის სპეციალური შესწორების შეტანის გზით. კერძოდ, მისი წინადადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ბოლო 10 წელი ცხოვრობენ, საკონსტიტუციო ცვლილებებით, უნდა მიეცეთ არჩევნებში კენჭისყრის უფლება.