სამართალი
საიას სარჩელი საქართველოს მთავრობისა და შს სამინისტროს წინააღმდეგ

samarT-2-MANთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა, 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №489 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა საქართველოს შსს-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საფასურის გადამხდელები არიან სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. „112“-ის მომსახურების საფასური  ფიზიკურ პირებს ყოველთვიურათ  20 თეთრი სოდენობით დაექვითებათ, ხოლო იურიდიული პირებს – 50 თეთრის ოდენობით. დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

„112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად, მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 1 იანვრიდან „112“-ის  საფასური აბონენტებს მაინც ერიცხებათ და ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა ეჭრებათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვლის თვის დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 (მილიონ ოთხას რვა ათას რვაას სამოცდარვა) ლარი შეადგინა.

„მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია საიას თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში,

რომლითაც მთავრობის №489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, ასევე, ითხოვს აბონენტებისთვის  სსიპ  „112“-ის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების დაბრუნებას.