თბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ახალმა პარლამენტმა ვალერი ბგანბა საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად აირჩია. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვალერი ბგანბამ კენჭისყრის დროს ოპოზიციური კანდიდატი რაულ ხაჯიმბა დაამარცხა.
რაულ ხაჯინბამ, ოპოზიციური „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის“ ლიდერმა, რომელმაც ბგანბას სპიკერად არჩევა მიულოცა, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ, რომ კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა და რომ ეს დიდი ხნით ადრე გადაწყდა მთავრობასა და დეპუტატების უმრავლესობას შორის გარიგების შედეგად. მან აღნიშნა, რომ ეს, ფაქტობრივად, მთავრობის ზეწოლა იყო საკანონმდებლო ორგანოზე და სინანული გამოთქვა, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს, შეწინააღმდეგებოდნენ ამ ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
„ჩვენ ვეუბნებოდით ამომრჩევლებს [კამპანიის დროს], რომ ჩვენ მთავრობისგან დამოუკიდებელი შტო უნდა ვიყოთ და რომ არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სრულიად საწინააღმდეგო გამოდგა“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 3 აპრილს ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.
ბგანბამ უარყო მთავრობის როლი მის არჩევაში და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება კონსტრუქციულ ოპოზიციას პარლამენტში.
ასევე, 3 აპრილის პირველ სხდომაზე აფხაზეთის პარლამენტმა ოთხი ახალი ვიცე-სპიკერი აირჩია (წინა მოწვევის პარლამენტს სამი ვიცე-სპიკერი ჰყავდა). პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემაც და აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმაც, რომელთაც დეპუტატებს მიმართეს, განაცხადეს, რომ მეტი ვიცე-სპიკერია საჭირო პარლამენტის უცხოური კონტაქტების გასაძლიერებლად.