პოლიტიკა
სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა

senat-SSAთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რიჩარდ ნორლანდი, კარიერული დიპლომატი, საქართველოში ახალ ელჩად დაამტკიცა, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯონ ბასს შეცვლის. აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში 2009 წლის ბოლოდან მსახურობს.

რიჩარდ ნორლანდი, რომელიც უზბეკეთში ყოფილი ელჩი და ავღანეთში აშშ-ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, სენატმა 29 მარტს დაამტკიცა თხუთმეტი სხვა ქვეყნის ახალ ელჩებთან ერთად.

21 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე ნორლანდმა აშშ-საქართველოს ურთიერთობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი 90-იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ-ის წარმომადგენლისა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.

2007-2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე ნორლანდი, რომელიც ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლისა და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ორი წლის განმავლობაში ქაბულში აშშ-ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.