აქტუალური
31 მარტს სამოქალაქო სოლიდარობის აქციაა

solidaroba1234თბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. 31 მარტს საქარველოს დედაქალაქში სამოქალაქო სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს აცნობეს, 15:00 საათზე თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკვრება. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან 6 საკითხთან დაკავშირებით – ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა.

სამოქალაქო სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები თანამოქალაქეებს საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სოლიდარობის აქცია გაიმართება სააკაძის მოედანზე – ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით; მარჯანიშვილის მოედანზე – გარემოს დაცვის მოთხოვნით; ავლაბრის მოედანზე – თავისუფალი მედიის მოთხოვნით; ვაკის პარკთან მდებარე მოედანზე – განათლების უფლების დაცვის მოთხოვნით; მრგვალ ბაღში – სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით; თავისუფლების მოედანზე მოთხოვნით – გაამაგრე გუდიაშვილი – დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა.

გუდიაშვილის მოედნისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ერთიანი სოლიდარული პოზიციის გამოსახატავად აქცია 17:00 საათზე გუდიაშვილის მოედანზე შეკრებით დასრულდება.

აქციის ორგანიზატორები არიან: „მედია კლუბი“ და „ტფილისის ჰამქარი“, ხოლო თანაორგანიზატორები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია „ეს შენ გეხება“ და სხვები.