თბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. NDI აცხადებს, რომ მას ცალკეული პერსონის ნდობის ხარისხი არ გაუზომავს. დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისთვის“ კი, რომელიც „NDI“-ს კვლევებს ორგანიზაციის სათავო ოფისში პირადად გაეცნო და მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტებს ცალკეული პერსონის რეიტინგებზე ინფორმაცია მიაწოდა, მის ნამდვილობას ადასტურებს.
აქვე დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „NDI“-ის წარმომადგენელმა მასთან საუბარში დაადასტურა აღნიშნულ ინფორმაციაში დასახელებული კონკრეტული ციფრების რეალობასთან შესაბამისობა.
შესრულებული საქმის მიმართ გამოკითხულთა დამოკიდებულების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ხოლო მეორე ადგილს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
პერსონების ნდობის რეიტინგი შემდეგნაირად განაწილდა:
1. კათოლიკოს-პატრიარქს – ძალიან ენდობა – გამოკითხულთა 68%, ხოლო ენდობა – 25%.
2. ვანო მერაბიშვილს – ძალიან ენდობა– 12%, ენდობა – 46 %.
3. გიგი უგულავას – ძალიან ენდობა – 7 %, ენდობა – 44 %.
4. მიხეილ სააკაშვილს – ძალიან ენდობა – 9 %, ენდობა – 40 %.
5. დავით ბაქრაძეს – ძალიან ენდობა – 5 %, ენდობა – 39 %.
ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნდობის კრიტერიუმით მეათე ადგილზეა. მას სრულიად ენდობა გამოკითხულთა 7%, ხოლო ენდობა 21%. ოპოზიციონერთაგან მეთოთხმეტე ადგილზეა ირაკლი ალასანია.