თბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს გამოკითხვის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხება. მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა რესპონდენტთა 47 პროცენტმა გამოთქვა. შეკითხვას – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ – გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ ხმას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 3% – „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, რომლის ლიდერია გიორგი თარგამაძე.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის კოალიციაში წარმოდგენილი არიან, აგრეთვე, რესპუბლიკური პარტია (ლიდერი დავით უსუფაშვილი), „ეროვნული ფორუმი“ (ლიდერი კახა შარტავა) და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის – ირაკლი ალასანიას, პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“. გარდა ამისა, კოალიციაში შევიდნენ კონსერვატიული პარტიისა და „ხალხთა პარტიის“ ლიდერები ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, „NDI“-ის გამოკითხვა 2012 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი გამოკითხვის გზით. მასში 3 141-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის ცდომილება დაახლოებით 3%-ს შეადგენს. გამოკვლევა კავკასიის კვლევის ცენტრმა (CRRC) ჩაატარა შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით.