პოლიტიკა
სააკაშვილი სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მონაწილეობს

saak-v-seuleთბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან.

ცნობისთვის: სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ყველაზე ფართომასშტაბიანია მსოფლიოში. სამხრეთ კორეის დედაქალაქში 54 ქვეყნის ლიდერები, მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სამიტის მუშობაში ამერიკის შეერთებული შტატების, უნგრეთის,  ჩინეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ავსტრალიის, კანადის, ბელგიის,  ჩეხეთის, იაპონიის, დანიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური იმყოფებიან.

ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში გაიმართა 2010 წლის აპრილში.