აქტუალური
ვეფხვაძის რჩევა გილაურს – მინისტრების მონაწილეობით „რეალითიშოუ“ მოაწყოს

dasaxlebebiთბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მინისტრთა კაბინეტის მონაწილეობით „რეალითიშოუს“ გამართვას სთავაზობს. მან ეს წინადადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოსულ ნიკა გილაურს გააცნო.

დეპუტატმა პრემიერს მინისტრების სოფლად წაყვანა, მათთვის ვაუჩერებისა და 140 ლარის დარიგება და იმის გაგება ურჩია, თუ რამდენ ხანს გაძლებენ ისინი ასეთ პირობებში. ვეფხვაძემ გილაურს მინისტრების დევნილთა მდგომარეობაში ჩაყენება და ამ მიზნით დევნილთა დასახლებაში მათი გადაყვანა, 28 ლარის დარიგება და  ელექტროენერგიის შეწყვეტაც შესთავაზა.

„ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებენ ისინი ასეთ პირობებში“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მან აქვე ნიკა გილაურის გამოსვლის ის მომენტიც გააპროტესტა, სადაც ეს უკანასკნელი უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე საუბრობდა.

დეპუტატმა გილაურს შეახსენა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიზეზი სწორედ უმუშევრობა იყო, რომლის მაჩვენებელიც მაშინ, ოფიციალური სტატისტიკით, 13 პროცენტს შეადგენდა. ახლა კი, ვეფხვაძის თქმით, პრემიერი თავს იმით იწონებს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 16,2-დან 15,2 პროცენტამდე არის შემცირებული.