სამართალი
კონტროლის პალატამ ივანიშვილი 2,72 მლნ ლარით დააჯარიმა

kontr-palata123თბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატამ 2.72 მილიონი ლარით დააჯარიმა უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული 272 597 ლარი, რომელიც მოძრაობის წევრთა ხელფასებისთვის იყო გათვალისწინებული, უკანონო პოლიტიკურ დაფინანსებას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად პოლიტიკური პარტია არ არის, თუმცა კონტროლის პალატის მონიტორინგი მასზე ვრცელდება, როგორც ეს უკანასკნელი აცხადებს, მოძრაობის გაცხადებული პოლიტიკური მიზნების გამო.

„უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების – 272 597 ლარის, ათმაგი ოდენობით“, – განაცხადა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.

ამ ბოლო ჯარიმის ჩათვლით, ივანიშვილის მოძრაობაზე ან მასთან დაკავშირებულ სხვა სუბიექტებსა და ინდივიდუალურ პირებზე პარტიების დაფინანსების კანონის სავარაუდო დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ 6,62 მილიონი ლარი შეადგინა.