სამართალი
საქართველოს კონტროლის პალატას ურჩევენ, მთავრობის წევრებისა და სააკაშვილის ხარჯებით დაკავდეს

maia-phanjikidzeთბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს კონტროლის პალატა კერძო პირის – ბიძინა ივანიშვილის, ჯიბეში იქექება და არკვევს, რამდენს უხდის ის მისი, როგორც კერძო პირის მიერ დაქირავებულ იურისტებსა და ადვოკატებს. თუმცა არ ინტერესდება, როგორ და რისთვის იხარჯება ფული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – განაცხადა 19 მარტის ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, გასულ კვირას კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა იმ მოქალაქეების ხელფასების სია, რომლებიც კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან კერძო შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ. „ეს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში იქექება და იკვლევს, ვინ რა ხელფასი და პრემია მიიღო. ამავე დროს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენს ფულს მთავრობა ასე განკარგავს: პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა მიიღო ხელფასი 51 ათასი ლარის ოდენობით და პრემია 65 ათასი ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე ზღულაძის ხელფასი 35 ათასი ლარია, ხოლო პრემია მან 72 ათასი ლარის ოდენობით აიღო“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დაამატა, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები საგრძნობლად აღემატება თანხას, რომელსაც ივანიშვილი თავის თანამშრომლებს ხელფასის სახით უხდის.

მისივე თქმით, პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი დახარჯა, მაგრამ საზოგადოებას არავინ განუმარტა, სად წავიდა ეს ფული. „ასე რომ, მთელი მათი ლაპარაკი ევროპულ და ამერიკულ გამჭვირვალობაზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე სასაცილოა და ამისი არავის სჯერა“, – დაასკვნა მაია ფანჯიკიძემ.