აქტუალური
„რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობები სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით სპეკულაციაა“

sagareo-saminთბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდეს. ამასთან, ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივი დიასპორა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში შესვლას. „ნატოში გაწევრებით საქართველო ავტომატურად ხდება თურქეთის სამხედრო მოკავშირე, რაც სომხეთისა და სომხების ინტერესთა თვალსაზრისით მიუღებელია“, – ეს ციტატა რუსულ მედიას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორას“ განცხადებიდან მოჰყავდა.

„რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, სახელმწიფო მაქსიმალური ჩართულობისა და ინტეგრაციის ძალზე წარმატებულ სტრატეგიას და პოლიტიკას ახორციელებს“, – ხაზი გაუსვა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. ამავე დროს, მან საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკაც აღნიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სპეკულაცია“ უწოდა რუსული მედიასაშუალებების ბოლო ვერსიებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატოს, „სომხეთი თვითონაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ალიანსთან და ძნელი წარმოსადგენია, რატომ უნდა უქმნიდეს ეს ვინმეს საფრთხეს“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. რიგ რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ამგვარი პუბლიკაციები მან იმით ახსნა, რომ  „რუსეთი დაინტერესებულია  მეზობელი ქვეყნებისგან სომხეთის მაქსიმალურად ჩამოშორებით და საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობით“.