თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების დეპოლიტიზებას და სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სახელმწიფო უნივესიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები.
სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის გუშინდელი განცხადებაც გაიხსენეს და განაცხადეს, რომ ისიც შეწუხდა 14 მარტს მომხდარი ინციდენტით და ამ ადამიანს არ სურს, უხელმძღვანელოს იმ უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტები პოლიტიზებული არიან და ამ საკითხის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან.
სტუდენტები თვითმმართველობის წევრებთან შესახვედრად და საკითხის მოსაგვარებლად მზად არიან.
სტუდენტები მოითხოვენ, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტიდან ის თანხები, რაც სჭირდება სტუდენტების სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობას, ხოლო წარმატებული სტუდენტები, წახალისების მიზნით, განთავისუფლდნენ სწავლის გადასახადიდან. ასევე, დაუყოვნებლივ აღუდგეს სტუდენტის სტატუსი ყველა იმ ყოფილ სტუდენტს, რომელთაც შეუწყდათ სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში თანხის გადაუხდელობის გამო.