სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს მთავრობის №489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს

telefono-20თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატყობინებს, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბრის გამოცემულ №489 დადგენილებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ და მის ბათილად ცნობას ითხოვს.

„აღნიშნულ შემთხვევაში სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობის ძირითად უფლებას.

მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც „112“-ს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს.

არაგონივრულია, რადგანაც მობილური ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს „112“-ის დახმარებას, ვიდრე რომელსაც არ აქვს ტელეფონი ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს. ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებს „112“-ის არსებობის გამო რაიმე უპირატესობა ექნებათ ან უკეთ იქნებიან დაცულები“, – აღნიშნავენ ორგანიზაცაში.

მათი განმარტებით, უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია პირი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ნომერს ფლობს და, შესაბამისად, თითოეულიდან ეჭრება დადგენილი თანხა.

ამასთან, დადგენილების სადავო მუხლები გაუმართლებლად ლახავს საკუთრების უფლებასაც. პირი ვალდებულია, გადაიხადოს ე.წ. მომსახურების საფასური იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საერთოდ არ სარგებლობს ამ კონკრეტული მომსახურებით. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სააბონენტო ნომრის ანგარიშიდან თანხის დაქვითვა მოხდა იმ დროს, როდესაც მომსახურების გამწევი სსიპ „112“ არც კი არსებობდა.

„ მიუღებელი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დავალდებულება კი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგანაც პირის მიერ გადახდილი თანხა ირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, ეს მოქმედება კი არაფრით განსხვავდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევისაგან“, – თვლიან „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“.

აქედან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ითხოვს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს 2011 წლის 27დეკემბრის საქართველოს მთავრობის №489 დადგენილების ბათილად ცნობა.