თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილიალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. აღნიშნული სამთავრობო ცვლილება მინისტრმა ნიკა გილაურმა მასმედიას მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპეციალურ ბრიფინგზე გააცნო. მან ანდრია ურუშაძეს განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ჯანდაცვის რეფორმების გატარების მხრივ წარმატებული იყო.
მისი თქმით, უკვე გახსნილია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი 90 საავადმყოფო უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 60 სამედიცინო ობიექტი აშენდება.„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სოციალური რეფორმა. თბილისის მერ გიგი უგულავას უკვე ვესაუბრე და სანდრო ურუშაძე მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას სწორედ სოციალური მიმართულებით გააგრძლებს“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისი შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ბოლო წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში წარმატებით საქმიანობდა. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი მთავარი ფუნქცია სოციალური სფეროს მოწესრიგება და ჯანდაცვის რეფორმების დასრულება იქნება. ნიკა გილაურის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა. ამ ეტაპზე კი მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ჯანდაცვა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდეს.
„ზურაბ ჭიაბერაშვილი კარგი მენეჯერია, რაც მან დაამტკიცა კიდეც. სწორედ ასეთი მენეჯერი გვჭირდება იმ რეფორმების გასაძღოლად, რომლებიც გასატარებელი დაგვრჩა“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მორიგმა სამთავრობო ცვლილებამ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოითხოვა. „უახლოეს დღეებში პარლამენტში დასამტკიცებლად მთელი მთავრობა წავალთ“, – აღნიშნა გილაურმა.