თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მიერ მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მისი ქმედებისთვის ბოდიში მოუხადა. ობამამ პირობა დადო, რომ ამ საქმის გარემოებები გულდასმით იქნება გამოძიებული და დამნაშავე დაისჯება. აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით მიუსამძიმრა აგრეთვე ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის. ობამას გარდა, ყარზაისთვის ბოდიშის მოხდამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტასაც მოუწია.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ღამით, ნატოს ძალების სამხედრო მოსამსახურემ ყანდაღარის პროვინციაში განლაგებული ნაწილის ტერიტორია დატოვა, უახლოეს სოფელში მიყოლებით სამ სახლში შევიდა და შიგნით მყოფები დაცხრილა. საბოლოო ჯამში მან 16 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 9 ბავშვი და 3 ქალი. კიდევ 5 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. სამხედრო მოსამსახურე დაპატიმრებულია. თანასოფლელებმა მოკლულთა ცხედრები ბაზის ჭიშკართან მიიტანეს და პროტესტის სტიქიური აქცია გამართეს.
„ყანდაღარის სასაკლაომ კიდევ უფრო გაამწვავა ვაშინგტონისა და ქაბულის ისედაც რთული ურთიერთობა. ავღანეთში უკმაყოფილების ტალღა იზრდება. თალიბები ყოველი მსხვერპლისთვის შურს იძიებენ დამპყრობლებზე და სასტიკ მკვლელებზე“, – ნათქვამია რადიკალური მოძრაობის ვებგვერდზე.
ყანდაღარის პროვინციაში ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 მშვიდობიანი მცხოვრების დახოცვამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად გაღებულ ძალისხმევას. ასეთი აზრი გამოთქვა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ აშშ-ის არმიის სერჟანტის ქმედებას „შეუწყნარებელი სისხლიანი მკვლელობა“ უწოდა.