სამართალი
პირდაპირი დიალოგი: თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი

nestanთბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს სამოქალაქო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი“ (დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე) ატყობინებს, მოძრაობა წარმოადგენს უპრეცედენტო პროექტს სახელწოდებით _ „პირდაპირი დიალოგი თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი“.

მოძრაობის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი თავისი არსითა და შინაარსით უნიკალურია არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის, არამედ 90-იანი წლების სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი საქართველოს სინამდვილისათვის.

პროექტის პარტნიორია გაზეთი „Свободная Грузия“-ს მთავარი რედაქტორი, ბატონი ტატო ლასხიშვილი.

უახლოეს მომავალში თბილისში აფხაზურ და ოსურ ენებზე დაიწყება ყოველკვირეული ერთაშორისი გაზეთი „თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალის“ გამოცემა.

„ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთად ეს იქნება ერთობლივი საინფორმაციო სივრცე, სადაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მასშტაბურად განხორციელდება პირდაპირი კონტაქტები და დიალოგი სამშვიდობო გზავნილებზე, ადამიანებსა და ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე. გვექნება პირდაპირი დიალოგი ჩვენს წარმატებებსა და პრობლემებზე, ჩვენს ტრადიციებზე და მომავალ თაობებზე, კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პროექტებზე, და ამდენი სისხლისა და ნგრევის შემდეგ, ყველაზე მთავარზე – ჩვენი მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებლობაზე, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები და დასძენენ, – დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ მიმართულებით მედია ყველაზე ეფექტური, სანდო და საიმედო მედიატორია“.

პროექტი „პირდაპირი დიალოგი თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი“ რამდენიმეეტაპიანია:

1. აფხაზურ და ოსურ ენებზე ყოველკვირეული ერთაშორისი გაზეთი   „თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალის“ გამოცემა;

2. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა;

3. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების მიერ ერთობლივი ინტერნეტრადიო და ინტერნეტსატელევიზიო პორტალის შექმნა;

4. ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების მიერ ერთობლივი მედიაჰოლდინგის დაფუძნება;

ჟურნალისტებთან წარდგენის შემდეგ პროექტი გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპკორპუსებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

უახლოეს მომავალში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ბრიუსელსა და ბერლინში.

„გვინდა, დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდება. იგი ეჭვქვეშ არ დადგება, მათ შორის, ფინანსური მარცხის, რადგან მას ეყოლება თანამოაზრეები, მხარდამჭერები, ხელშემწყობები როგორც თანაავტორები ამ სამშვიდობო ინიციატივისა. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი!“ – აღნიშნულია პრესრელიზში.