თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის საელჩო თბილისში იტყობინება, აშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორკვირიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გადიან.
„წვრთნაში ჩართული იქნება შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი. შავი ზღვის როტაციული ძალების ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაშია განთავსებული. ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისათვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწასაც“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.
„Agile Spirit“–ის პირველი ერთობლივი წვრთნა შარშან ივლისში გაიმართა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე და მასში 350-მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა მიიღო მონაწილეობა.