თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ნატოს გაფართოების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს, მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის წარმოადგინოს ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიის და მონტენეგროს ნატოში გაწევრებისთვი „მკაფიო საგზაო რუკა“.
ლუგარმა იმედი გამოთქვა, რომ სენატი კანონპროექტს ჩიკაგოს სამიტამდე მიიღებს.
მისი თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის კანონმდებლობაში, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო მოხსენიებული იქნებიან როგორც „ასპირანტი“ ქვეყნები.ნატომ საქართველო „ასპირანტ“ ქვეყნად 2011 წლის 7 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოიხსენია, რამაც რუსეთის პროტესტი გამოიწვია. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს მსგავსი „ავანტიურისკენ“ წააქეზოს.
სენატორ ლუგარის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გაატარა ნატოს გაფართოების ხელშესაწყობად; ასევე, მოხსენება, თუ რამდენად მზად არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო ნატოში გაწევრებისთვის; და ერთი მოხსენებაც აშშ-ის იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.