თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობის სირთულეზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენ ვერ შევიცანით თავი თვისი და ვერ გავიცანით – ვინ ვართ. პატრიარქმა ძველი რომაელების ფრაზა გაიხსენა: „შეიცანი თავი შენი“.
როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, ადამიანი არის ხატება ღვთისა. მას გააჩნია მრავალი სისუსტე, სისუსტე – აზროვნებასა და სიკეთის კეთებაში, მაგრამ ბოროტების კეთებაში მარჯვეა, რადგან პირველი ცოდვა, რომელიც დაუშვეს ადამმა და ევამ, ეს კვლავ მოქმედებს და როგორც ბეჭედი, ისე დაესვა ადამიანის გონებასა და გულს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ადვილად ებრძვიან თავის თავს, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ვერ ებრძვის თავს და ხშირად ვარდება ცოდვაში. ზოგიერთი ადამიანი მატარებელია ქრისტეს ნათელისა“, – ბრძანა ილია მეორემ და განმარტა, რომ ზოგიერთი ადამიანის სახლში შემოსვლისას სახლი ნათდება და თითქოს სიკეთე და სინათლე შემოაქვს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბოროტება შემოაქვთ ოჯახში.
სწორედ ამიტომ, კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, საჭირო და აუცილებელია, რომ ხშირად ვაკურთხოთ ჩვენი სახლები, რომ განიდევნოს ბოროტება.