რედაქტორისგან
ტეფტი: „საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ჟურნალისტებთან და ქმნის რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამპყრობლის ხატს”

viki-teftთბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. საქინფორმი აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტის 2008 წლის 10 აგვისტოს საიდუმლო დეპეშა №1353-ს, რომელიც საიტ „WikiLeaks“-ზე გამოქვეყნდა (იბეჭდება უცვლელად, საქინფორმის თარგმანი, ორიგინალი ინგლისურ ენაზე იხ. ქვემოთ).

კონფიდენციალურად

შეტყობინების თემა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გასაიდუმლოებულია აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტის მიერ 1.4 В და D მიზეზებით.

 

1. შეტყობინების დასაწყისი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ეცნობა რუსეთის ფედერაციის საგანგებო წარმომადგენელს საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრ ტყეშელაშვილს განზრახული აქვს, ტელეფონით დაუკავშირდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადოს, მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და განიხილოს დევნილებისათვის დერეფნის გახსნის საკითხი.

2. ქართულმა ჯარებმა გორის ჩრდილოეთით თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებს ეუწყა საქართველოს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მიღებულია რამდენიმე შეტყობინება, რომ რუსეთის ჯარები გორის მხარეს იერიშს განაგრძობენ. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი რუსეთის ჯარების შემოჭრის შიშით ქალაქს ტოვებს.

3. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუბი საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი 11 აგვისტოს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების განხილვას და შემდგომში რუსული მხარისათვის მის წარდგენას გეგმავენ.

4. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწოდებს. სამი დღის შემდეგ მოსახლეობა, რომელიც რუსული აგრესიისაგან იტანჯება, სურსათს და მედიკამენტებს მიიღებს.

5. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ ელჩს განუცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე და გარეუბანში მდებარე ავიამშენებელ ქარხანაზე.

6. საქართველოს მთავრობისა და მისი უწყებების ინტერნეტრესურსებთან დაშვება დახურულია. სავარაუდოდ, მათ რუსეთის სპეცსამსახურების თავდასხმა განიცადეს. ხელისუფლებამ რუსული ტელეარხების ტრანსლაცია აკრძალა და დომენ „ru“-თან დაშვება დაბლოკა. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ჟურნალისტებთან, ქმნის რა გლობალური საზოგადოებისათვის რუსეთის როგორც აგრესორისა და დამპყრობლის ხატს, და ინფორმაციას მათთვის სასურველ შუქზე წარმოაჩენს. თუმცა ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები ყოველთვის ზუსტი არ არის. საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გასაშუქებლად კრემლისადმი ოპოზიციურ პოპულარულ რუს ბლოგერებსაც იყენებს. შეტყობინების დასასრული.

7. კომენტარი: სიტუაციის ზუსტი ანალიზის მიღწევა სულ უფრო რთული ხდება იმ მიზეზით, რომ ბრძოლები გრძელდება, ქართული სარდლობა დაიშალა და კონტროლის სისტემა დაირღვა. მაღალი თანამდებობის პირები ზოგჯერ საომარი მოქმედებების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. მიმდინარე მოვლენების შესახებ ადგილობრივი მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ყოველთვის ადეკვატური არ არის. თუმცა ცხადია, რომ საინფორმაციო წყაროებში უპირატესად საქართველოს მთავრობისთვის ხელსაყრელ მოვლენებს აშუქებენ. ამ კუთხით უაღრესად სასარგებლოა აქტუალური ინფორმაციის სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელების  აშშ-ისეული გამოცდილების გამოყენება. კომენტარის დასასრული.

vikili