სამართალი
ოპოზიციური პარტიები ერთობლივი დეკლარაციით ნატოს სარდლობას მიმართავენ

fosta-deklaraciaთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მიმართეს ნატოს სარდლობას, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაუმართლებლად მიგვაჩნია ავღანეთში ნატოს  „ISAF“-ის სამხედრო მისიაში ქართული საჯარისო ნაწილების მონაწილეობა და, მითუმეტეს, შემადგენლობის გაზრდა, რადგანაც საქართველო არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს და, შესაბამისად, არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ სამხედრო მისიებში. ასევე, ავღანურ მისიაში ჩვენი ქვეყნის საჯარისო ნაწილების მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებისათვის წარმოადგენს სპეკულაციის საგანს და გამოყენებულია ალიანსის წევრი სახელმწიფოებისაგან პირადი მხარდაჭერისათვის, რათა ადგილზე შენარჩუნებულ იქნეს ავტორიტარული მმართველობა, რაც მოსახლეობაში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას იწვევს.

დღეს საქართველოს სახელმწიფო  ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ჩვენს უმთავრეს მიზანს მისი აღდგენა წარმოადგენს. ამდენად, ქართული ჯარის ძალისხმევა, საჭიროების შემთხვევაში, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი, ქართული საჯარისო ნაწილები განპირობებულია პირადი მოტივებით და ემსახურება უკანონოდ ძალაუფლების შენარჩუნებას.

საქართველოში მოქმედი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვთანმხდებით ამ  ოპერაციაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის შეწყვეტის აუცილებლობაზე და წარმოგიდგენთ განსახილველად ერთობლივი თანხმობის დეკლარაციას, რათა უშუალოდ ნატოს სარდლობის მიერ იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული“.