თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ცალკე ჩანაწერი გაკეთდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ამიტომ კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება, რომ მათ კანონის ფარგლებში მოქმედების დროს არანაირი შეზღუდვები არ შეეხებათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური განცხადება და არსებობს პოლიტიკური ნება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც კითხვის ნიშნებს მოხსნის.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, მისი დავალებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გასულ კვირას არასამთავრობო სექტორს შეხვდა, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა.
„ცვლილებები ისე უნდა განხორცელდეს, რომ კანონის მთავარი მიზანი არ დაზიანდეს. იმედი მაქვს, არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციებით რაციონალურ და კონკრეტულ შედეგამდე მივალთ“, – დასძინა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, ეს კანონი არსებული რეგულაციით არასამთავრობო სექტორის კანონიერ საქმიანობას არც ახლა ზღუდავს, თუმცა აუცილებელია, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას.