აქტუალური
თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ძალაში რჩება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ალიანსის წევრი . ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს გაწევრების თემაზე გენერალურმა მდივანმა ალიანსის გაფართოების საკითხზე რუსეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.„არცერთ მესამე ქვეყანას, არცერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ნატოს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. ნატოს გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკაა და ნატოს კარი ღია რჩება. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩიკაგოში. ნატოს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში მონაწილეობენ და რომლებიც ნატოს ფუნდამენტალურ პრინციპებს იცავენ. ეს ნათლად არის ნათქვამი ხელშეკრულების მეათე მუხლში“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისივე განცხადებით, იგივე პოლიტიკა ეხება საქართველოსაც. „მინდა, გავიმეორო გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე მივიღეთ, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ და ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.