თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონში ოქროს, სპილენძისა და ბარიტის მოპოვების ლიცენზია 29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა. ეს ცნობა გაავრცელა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა.
27-წლიანი ლიცენზია აუქციონის ერთადერთმა მონაწილე კომპანია „Mining Investments LLC“-მა მოიპოვა.
კომპანია საქართველოში 2012 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა – დაახლოებით ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.„Mining Investments LLC“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ალვიდას ბრუსოკასია – ლიტვის მოქალაქე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს.
ლიცენზია ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ოქროს, ბარიტისა და სპილენძის საბადოებს მოიცავს 1 200 ჰექტარზე მეტ ფართობს.
ამჟამად საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული“ ფლობს, რომელიც „GeoProMining Group“-ის შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი წარსულში რუსული „პრომიშლენიე ინვესტორის“ შემადგენლობაში შედიოდა. „GeoProMining Group“-ის აქციონერი რუსი მეწარმე სიმონ პოვარენკინია. ეს კომპანია ოქროსა და სპილენძის მოპოვების ბიზნესს სომხეთსა და რუსეთშიც ახორციელებს.
„მადნეულის“ ლიცენზია 2014 წლის აპრილში იწურება და ახალი ლიცენზიის მფლობელი „Mining Investments LLC“ მას ამ პერიოდიდან ჩაანაცვლებს. მაგრამ თუ ამჟამინდელი მფლობელი ლიცენზიაზე უარს ვადის ამოწურვის დღემდე იტყვის, ახალ მფლობელს შესაძლებლობა ექნება, ერთი თვის ვადაში ჩაანაცვლოს ის.
„Mining Investments LLC“-მა 110.5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.
2011 წლის ოქტომბერში ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის, ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალებისა და ბარიტის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად გაყიდა. ლიცენზია კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც კვიპროსში დარეგისტრირებული „Pamtilon Holdings Limited“-ის შვილობილი კომპანიაა.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ 109.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო გაიტანა ექსპორტზე, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5 პროცენტს შეადგენს; სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის ღირებულებამ 85.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3.9 პროცენტია.