თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი განმუხურთან ქართული პოლიციის პოსტზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ის მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს უნდა იცოდნენ თავშეკავების გამოჩენა.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, 3 საათსა და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა ექვსამდე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოყენებულ იქნა ავტომატური იარაღი და „რპგ 7“ ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ ათ წუთამდე გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას, აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.