თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არტილერიასა და სამხედრო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
„საჰაერო საფრენ აპარატებს, ასევე, უახლოეს დღეებში ნახავთ და გამოვცდით“, – განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
„ამასწინათ ჩვენ გამოვცადეთ ჩვენი მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, „ეს ის არ არის“, „ამერიკული ჯობია“, „ინგლისური ჯობია“. არ გიკვირთ? პირი არ გავაღეთ, რომ საერთოდ შევქმენით? ვის წარმოედგინა, რომ საქართველოს შეუძლია ჯავშნიანი მუხლუხოიანი მანქანის შექმნა ქართული სქემებით, ქართული ინჟინრებით?“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„არავინ არ დაგვხმარებია საერთოდ, არავის არ ჰქონდა ინტერესი, რომ დაგვხმარებოდა, – განაგრძო მან. – ეს იყო ის პერიოდი, როცა ყველამ თითქმის გადაგვიკეტა იარაღი იმიტომ, რომ ყველას შეეშინდა, რომ საქართველო მაინც ქრებოდა მსოფლიო რუკიდან 2008 წელს. მერე ეს ყველაფერი მოიხსნა“.
„და ჩვენ ხელები კი არ ჩამოვუშვით. დასხდნენ ჩვენი ინჟინრები და შექმნეს ეს სისტემა ნულიდან“, – დასძინა მან და იქვე ანალოგი მოიყვანა სინგაპურთან, რომელმაც, ასევე, სამხედრო ემბარგოს პირობებში ნულიდან შექმნა თავისი სამხედრო მრეწველობა.