სამართალი
ზაზა ხატიაშვილი თომას ჰამერბერგს დახმარებას სთხოვს

hamarbergi-xatiashviliთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ბრიუსელში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგს შეხვდა და საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის ფაქტები გააცნო.

„ასოციაციის თავმჯდომარე ბრიუსელში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამერბერგს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იმ ადვოკატთა საქმეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა 2011 წლის შემდეგ. კერძოდ, რამინ პაპიძის, თამილა ქუთათელაძის, ნაირა ოტიაშვილის, გივი ექვთიმიშვილის, ტარიელ მურმანიშვილის, ირინა საღინაძის, ლალი ჯიმშერაშვილის, დავით დეკანოიძის, ჯუმბერ მილორავას, დიანა მარტიაშვილის, ქეთევან ვარდანაშვილის და სხვათა საქმეები. ზაზა ხატიაშვილმა თომას ჰამერბერგს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს საქართველოს ადვოკატთა კორპუსს, კიდევ ერთხელ შეისწავლოს ადვოკატთა დევნის საქმეები და შექმნილი მძიმე სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ევროსაბჭომ მიიღოს მკაცრი რეზოლუცია საქართველოში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის და არაჯანსაღი სამართლებრივი გარემოს გამოვლენის მიზნით“, – განმარტავენ ასოციაციაში.

იმავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხატიაშვილს შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის ყოფილ ელჩთან საქართველოში პიტერ სემნებთან, რომელიც, ასევე, გაეცნო საქართველოს ადვოკატთა კორპუსის დევნის ფაქტებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტშიც.