აქტუალური
კარელ დე გუხტი თბილისს ეწვევა

evrokomisari-vachrobis-sakiთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი დღეს თბილისს ეწვევა და საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

როგორც კარელ დე გუხტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოში ევროკომისარი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება იმ პარამეტრების დასადასტურებლად, რომლის ფარგლებშიც მთავარი მომლაპარაკებლები იმუშავებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ერთობლივ  პროცესში.

„თავისუფალი სავაჭრო სივრცე მთავარი მექანიზმი იქნება ევროკავშირთან მოლდოვასა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, – განაცხადა კარელ დე გუხტმა. – დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად განვითარდება და ევროკავშირთან უფრო ახლო ეკონომიკურ კავშირებს გაუკვალავს გზას. მოლაპარაკებების დაწყება ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააღრმავოს პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება ჩვენ აღმოსავლელ პარტნიორებთან“.

საქართველოსა და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ „მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ძირითად სავაჭრო და ინვესტიციებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ სფეროებში, განსაკუთრებით, ტექნიკური რეგულირების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და კონკურენციის წესების დაცვის სფეროებში“.

2011 წელს საქართველოსთან ევროკავშირის ორმხრივმა სასაქონლო ვაჭრობამ 2.2 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მოლდოვასთან –  2.7 მილიარდი ევრო.