აქტუალური
ქართული რეფორმების საერთაშორისო დონეზე გასავრცელებლად სააგენტო იქმნება

12xuroshvili-giaთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო“, რომლის მიზანი იქნება ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესებულ სახელმწიფოებში მათი გავრცელებისთვის ხელშეწყობა.

ხუროშვილის  განმარტებით, მთელ რიგი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან იმ ქართული რეფორმებით, რომლებიც მსოფლიო ბანკმა და რიგმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მისაბაძ რეფორმებად შეაფასეს.

„სააგენტოს შეეძლება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, დაამუშაოს და მისი გავრცელება და საერთაშორისო მასშტაბით რეკლამირება მოახდინოს.
სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს“, – აღნიშნა ხუროშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შექმნის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მთავრობა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოახდენს.