რელიგია
დიდი მარხვა დაიწყო

didi-marxva-religiaთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც 15 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ.

„ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა - ილოცოს თავისი მოყვასისა და სამშობლოსათვის. ღმერთი ელოდება ჩვენგან სინანულს, ცოდვათა განცდას და კეთილი საქმეების კეთებას. პირველი დღეები იწყება მძიმე მარხვით – ჩვენ უზეთო საკვებს მივიღებთ. საკვებზე შეზღუდვის დაწესებით ჩვენს სულსა და სხეულს ვასპეტაკებთ. ვუსურვებ ჩვენს საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ლოცვა აჩვენოს უფალს იმისთვის, რათა უფალმა შეისმინოს ჩვენი ვედრება, საქართველო გაძლიერდეს და გამთლიანდეს. თუ არ იქნება კეთილი და ზნეობრივი ცხოვრება, უფრო შორს იქნება მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენი სამშობლოს გაერთიანება ჰქვია“, – ბრძანა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებთან საუბრისას.