აქტუალური
მიმი გაბრიჩიძე: „რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ვითხოვთ“

fosta-mimiiiiiთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტია ითხოვს ოფიციალურ განმარტებას მიუნხენში გამართული რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ.

„საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა დაადასტურა, რომ მიუნხენში ქართული დელეგაცია იგორ ივანოვსა და რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ძალებს (მათ შორის,. პარტია „თავისუფალ საქართველოს“), რომლებიც ღიად აფიქსირებენ რუსეთთან დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე საკუთარ პოზიციას და ამ მხრივ ქმედით ნაბიჯებსაც ღიად დგამენ, მუდმივად ადანაშაულებს რუსეთის აგენტობაში, კრემლის ინტერესების გატარებასა და სხვა უამრავ ცილისმწამებლურ ბრალდებაში. როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამ დიალოგის აუცილებლობას, თუმცა მანამ, სანამ ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის არ გახდა ცნობილი, ამის შესახებ არცერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია. მიუღებელია სახელისუფლებო ტელევიზიების დუმილიც ამ თემაზე. მაშინ, როცა საქმე შეეხება რომელიმე ოპოზიციონერის შეხვედრას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სახელისუფლებო მედია ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს შეხვედრის ყველა დეტალს. ამჯერად კი, როცა საქმე ხელისუფლების კულუარულ შეხვედრებს შეეხება, სამთავრობო არხებს ტელემაყურებლისთვის ამ თემისადმი მიძღვნილი არცერთი სიუჟეტი არ შეუთავაზებიათ“, – აცხადებს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ყველა დეტალი და აცნობოს საზოგადოებას, მიმდინარეობს თუ არა რაიმე ტიპის დიალოგი რუსულ მხარესთან ოფიციალურ დონეზე. „ასევე საინტერესოა, რომელმა მხარემ აანაზღაურა ამ შეხვედრისთვის საჭირო ხარჯები და კონკრეტულად სად გაიმართა შეხვედრა“, – აღნიშნავს გაბრიჩიძე.