საზოგადოება
„კავკასიური თანამშრომლობის“ სემინარი

NPOთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. რუსულ-ქართულმა საექსპერტო ორგანიზაციამ „კავკასიური თანამშრომლობა“ (ხელმძღვანელი რუსული მხრიდან ნიკოლაი სილაევი, ხელმძღვანელები ქართული მხრიდან – ნანა დევდარიანი და გულბაათ რცხილაძე) მორიგი სემინარი ჩაატარა თბილისში. ამჯერად განხილულ იქნა სამოქალაქო მოძრაობის, სამოქალაქო ინიციატივების თემა, რომელთაც ადგილი აქვთ საქართველოში. სემინარზე მომხსენებლებად წარსდგნენ სამოქალაქო ინიციატივების წარმომადგენლები: თამარ იოვაშვილი, ნათია ქევხიშვილი, მარიამ ვარდოსანიძე, როინ პაპავა და სხვები, აგრეთვე პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

სემინარის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია, ხოლო ის სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც აქამდე წარმოიშვნენ და ცდილობდნენ დასახული მიზნების რეალიზებას, მთლიანობაში არშემდგარად შეიძლება იქნენ მიჩნეულნი. ასე მაგალითად, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია ე. წ. გარემოვაჭრეთა მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად მოწყობილ ქუჩის საპროტესტო აქციებს, როგორც მათ მიერ სამოქალაქო არაპოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე პერიოდში, ისე ამ ორგანიზაციის შექმნის შემდეგ. ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავიდა, უამრავი ადამიანი, რომელიც თავის ლუკმა პურს სწორედ გარე ვაჭრობით შოულობდა, მან საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. მათი ნაწილი საზღვარგარეთ უკეთეს შემოსავალს შოულობს, ვიდრე საქართველოში, ქუჩის ვაჭრობის პირობებში შოულობდა, მაგრამ მთლიანობაში სურათი მძიმეა და ემიგრაცია იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს.

წარუმატებელი აღმოჩნდა სხვა ინიციატივებიც, მაგრამ მაინც შემორჩა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც აგრძელებს თავისი მიზნებისკენ სწრაფვას. ასე მაგალითად, ახლახან ცნობილი გახდა დასავლეთ საქართველოში „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის“ შექმნის შესახებ, სადაც ის ფერმერები გაერთიანდნენ, რომელთაც ზარალი მიადგათ საქართველოს ხელისუფლების მიერ ნეოხრუშჩოვული გეგმის განხორციელების შედეგად, რაც, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავდა ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დანერგვას საქართველოში. უფრო ადრე გაჩნდა პირველი ნიშნები სახელმწიფოსგან (და მთლიანად პოლიტიკისგან) დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის შექმნისა, როდესაც თსუ-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. „ლაბორატორია 1918“. ამ ორგანიზაციამ თამამად გამოხატა პროტესტი სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც უნივერსიტეტის რექტორის, ისე განათლების მინისტრის მიმართ.

სამოქალაქო ინიციატივების რიცხვს შეიძლება მიეკუთვნოს კიდევ თითო-ოროლა ორგანიზაცია, და ამით სია ამოიწურება კიდეც. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში, როგორც ცნობილია, ფუნქციონირებს მრავალი ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს სექტორი საქართველოში ფრიად განვითარებულია, შესაძლოა, ისე, როგორც არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. მაგრამ არასამთავრობოთა ფუნქციონირების პრინციპი საკმაოდ მკაფიოდ განსხვავდება სამოქალაქო ინიციატივების პრინციპისაგან (მიუხედავად მათი იურიდიული სტატუსის შესაძლო თანხვედრისა); არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ სპონსორთა ფულადი შემოწირულობების (გრანტების) ხარჯზე (ამასთან, სპონსორებად ქართულ რეალობაში თითქმის ყველა შემთხვევაში გვევლინებიან უცხოური დაწესებულებები, ძირითადად – სახელმწიფო; საქართველოში ასევე შეინიშნება პარადოქსი, როდესაც უცხოური გრანტები არასამთავრობოებს შორის მთავრობის მიერ ნაწილდება) და ისინი სულაც ამ გრანტების მიღების მიზნით იქმნებიან, ხოლო სამოქალაქო ინიციატივები მომდინარეობენ მოქალაქეებისგან, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მუდმივი დაფინანსებით, რადგან მათ მიზნებს კონკრეტული ხასიათი აქვთ, რომლებიც რაღაც ვადაში უნდა განხორციელდეს, ანუ მათი მოღვაწეობა შეზღუდულია დროში. სამოქალაქო ინიციატივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციული სტრუქტურებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, შეიძლება სხვა განსხვავებების გამოყოფაც. საბოლოო ჯამში გვაქვს სურათი, რომლის მიხედვით საქართველოში ძალზე დიდია უცხოეთიდან დაფინანსებული „კლასიკური“ არასამთავრობოების რიცხვი, საზოგადოებაში შესაბამისი გავლენით, ხოლო ამის საპირისპიროდ ძალზე ცოტაა სამოქალაქო ინიციატივები, მათი მოღვწეობის ეფექტურობაც ასევე ფრიად მოკრძალებულია. რატომ არის ეს ასე – ცალკე ანალიზის საგანია: დაკავშირებულია ეს ფაქტი ქართული საზოგადოების ტრადიციულ დანაწევრებულობასთან, ქართველებში კოლექტივიზმის გრძნობის არარსებობასთან, მდიდარ დასავლეთზე უზომო დამოკიდებულების მდგომარეობასთან თუ სხვა გარემოებებთან, ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. მაგრამ ფაქტი აშკარაა: „კლასიკური“ არასამთავრობოების დიდი რაოდენობის არსებობამ სულაც არ განაპირობა ქმედითი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს გაუწევდა. მათსა და საზოგადოების ფართო ფენებს შორის, ე. წ. „უბრალო ხალხთან“, დიდი დისტანციაა. არასამთავროებისგან განსხვავებით, იდეალში სამოქალაქო ინიციატივების მოწოდებაა, შეავსონ ეს არსებითი ხასიათის სიცარიელე, იქცნენ საზოგადოების მამოძრავებელ ძალად.

კიდევ სხვა თემაა შესაძლებლობები, რომლებიც სამოქალაქო ინიციატივებს აქვთ ხელთ, თავიანთი მიზნების მისაღწევად. კერძოდ, საჭიროა თუ არა, რომ მათ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან, განსაკუთრებით, ოპოზიციურთან? რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამას? ხომ არ მოხდება სამოქალაქო ინიციატივების აღრევა და სულაც შერწყმა პოლიტიკურ პარტიებთან? ეს კითხვები ისმოდა „კავკასიური თანამშრომლობის“ მიერ გამართულ სემინარზე.

გასული წლის ბოლოს დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ლიდერმა, ქალბატონმა თამარ იოვაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ამ საინიციატივო ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მთლიანად ენთუზიასტებისგან შედგება. „უმუშევართა კავშირი“ თავის მოწოდებას არ ხედავს იმაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ აკრიტიკოს მთავრობა, მოაწყოს საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ, თუმცა ამის გარეშეც შეუძლებელი იქნება მუშაობა. „უმუშევართა კავშირმა“ მიმართა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წინადადებით, მომხდარიყო უმძიმესი სოციალური ვითარებიდან გამოსავლის ძიება, მაგრამ ორივე ამ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან დაახლოებით ერთნაირად ფორმალური პასუხი მოვიდა: უმუშევართა რაოდენობა საქართველოში ბოლო პერიოდში შემცირდა, ამაზე თურმე სტატისტიკა მეტყველებს, ხოლო მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მოაგვაროს დარჩენილი სოციალური პრობლემები... აღნიშნული ინიციატივისადმი დაინტერესება არ გამოხატა აგრეთვე მოძრაობამ „ქართული ოცნება“, რომლის უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას. მიუხედავად ამისა, „უმუშევართა კავშირი“ აგრძელებს უმუშევართა უფლებებისათვის ბრძოლას, კავშირის აქტივი უკვე ითვლის რამდენიმე ასეულ ადამიანს, ეწყობა საპროტესტო აქციები, პიკეტები და ა. შ.; ასევე სარეფერენდუმოდ გამოდის საკითხი, რომ დაწესებულ იქნას აუცილებელი სახელმწიფო შემწეობა უმუშევრობისათვის. სამოქალაქო ინიციატივა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ საორგანიზაციო და მორალური თვალსაზრისით მხარდაჭერას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მხრიდან იღებს, რომლის გენერალური მდივანი, ალექსანდრე შალამბერიძე, სემინარს დაესწრო, მაგრამ არ არის არავითარი აღრევა სამოქალაქო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიას შორის, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ ეტაპზე ეს ასეა.

სემინარზე გამოითქვა აზრი, და ეს აზრი გაზიარებულ იქნა, რომ „უმუშევართა კავშირის“ მაგვარ ორგანიზაციებს თავიანთ თავზე პროფკავშირების ფუნქციების აღება უწევთ. საქართველოში ხომ მხოლოდ ერთი პროფკავშირი არსებობს, იმ დროს, როცა ნებისმიერ მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ორი და მეტი პროფკავშირია. ქართულ რეალობაში პროფკავშირმა ჯერ ვერ მიაღწია რაიმე ხელშესახებ შედეგს. ამასთან, განსხვავებით „ოფიციალური“ პროფკავშირისაგან, „უმუშევართა კავშირი“ აქცენტს სწორედ უმუშევრებზე აკეთებს, საკუთარი დასახელებიდან გამომდინარე, მაგრამ პერსპექტივაში განიხილება სხვადასხვა სფეროებში მომუშავეთა მხარდაჭერის საკითხიც.

ის, რომ საქართველოში მოსახლეობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, დასტურდება საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვით. ამიტომ მოსალოდნელია, რომ თუკი სამოქალაქო მოძრაობას განვითარება უწერია, იგი ძირითადად ამ მიმართულებით წავა. მით უფრო, რომ მთავრობა ნამდვილად ვერ იჩენს მოქნილობას მასობრივი უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაში. შესაბამისი მაგალითი ალექსანდრე შალამბერიძემ მოიყვანა:

„ჩვენ ახლა იუსტიციის სახლის მშენებლობის წინ გამართული საპროტესტო აქციიდან მოვედით. იქ, როგორც გაირკვა, უკანონოდ მუშაობენ ჩინელი მუშები – ჩინური ციხეების ტუსაღები, რომლებიც თბილისში მშენებლობაზე სადილად ბრინჯს ღებულობენ და ღამით თავშესაფარს დასაძინებლად, ხოლო საქართველო ჩინურ სამშენებლო ფირმას ამ მუშა-პატიმრებისთვის ჰონორარებს უხდის. ჩვენ დღეს გამოვავლინეთ და საკუთარი თვალით ვნახეთ ეს ადამიანები. და ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, რომელსაც უმუშევართა უზარმაზარი რაოდენობა ჰყავს. ასეთი ობიექტების მშენებლობაზე ბევრი უმუშევარი ქართველის დასაქმება შეიძლებოდა. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო ინიციატივა „უმუშევართა კავშირთან“ ერთად დაბეჯითებით გავაპროტესტეთ იუსტიციის სახლის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ჩვენ გვიწევს პროფკავშირების ფუნქციების შეთავსება“.

სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. სემინარის ძირითადი მასალები განთავსდება „კავკასიური თანამშრომლობის“ ვებ-გვერდზე: Georgiamonitor.org.