სამართალი
კოალიცია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაცია

deklaracia-bidzinaთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონში“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია გაიმართა. კოალიციის დამფუძნებლები არიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“. რაც შეეხება „კონსერვატორებსა“ და „ხალხის პარტიას“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისინი კოალიციაში ლიდერებით არიან წარმოდგენილნი, თავად პარტიები კი, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის დამფუძნებლებს არ წარმოადგენენ, მას მთელი თავისი რესურსით ემსახურებიან.

პრეზენტაციაზე კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაც გავრცელდა, რომელსაც დამფუძნებლები პრეზენტაციის დასასრულს მოაწერენ ხელს.

დეკლარაციის მიხედვით, „საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, რომლის შემდეგაც საქართველოში უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება“.

ამასთან, დეკლარაციაში საუბარია, თუ რას გააკეთებს „არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით:

1. დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში; 2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოს დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობასა და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას;

3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონული პოზიციების გამყარებას;

4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს;

5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას;

6. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობასა და პოლიტიკური დევნის დაუშვებლობას;

7. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის სახელმწიფო ინსტიტუტებთან შერწყმას;

8. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს;

9. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს;

10. შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნის;

11. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ფორმირებას;

12. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას.