აქტუალური
საქართველო საბრძოლო მანქანას აწარმოებს

video-misha-saakთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, მიმდინარე კვირას პირველი ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკის გამოცდა განხორციელდება.

სააკაშვილმა ეს განცხადება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ვიზიტის დროს ქართველი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

მან საბრძოლო მანქანის დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ მისი სახელი „ლაზიკა“ ახსენა. იგივე სახელი ერქმევა ქალაქს, რომლის აშენებაც შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება და რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირველად დეკემბერში განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტერები „დიდგორი“; ჩვენ ვუშვებთ ავტომატებს, ჩვენ ვუშვებთ სხვა ტექნიკას – ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ქართული წარმოების ორი ტიპის ჯავშანტრანსპორტერი, „დიდგორი“, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა, პირველად 2011 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმზე იქნა წარმოდგენილი – „დიდგორი 1“ „Minigun“-ის ტიპის ტყვიამფრქვევით და „დიდგორი 2“ – 12.7-კალიბრიანი ტყვიამფრქვევით.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა თებერვლის დასაწყისში, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებაზე მუშაობს; ამ თემაზე დეტალები უცნობია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა 20 თებერვალს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, თუნდაც, ბოლო წლებში შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის ყოველგვარი ხმაურისა და ტრაბახის გარეშე.

მისივე განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც სარეზერვო სამსახურის გავლის სურვილი აქვთ, ოთხჯერ გაიზარდა და გაზაფხულის ბოლოს საქართველოს 100 000-ზე მეტი გაწვრთნილი რეზერვისტი ეყოლება.

სააკაშვილმ,ა ასევე, განაცხადა, რომ იგი სიამაყით აივსო, როდესაც თებერვლის დასაწყისში ანაპოლისში აშშ-ის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და ოთხ ქართველ ოფიცერს შეხვდა, რომლებიც საზღვაო ქვეითებად ემზადებიან – იმ შენაერთებად, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებში.