საზოგადოება
„ჩემი საქართველო“ გელბახიანის გათავისუფლებას ითხოვს

eliso_kiladzeთბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ამ დილით სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს. მისი გათავისუფლება უკვე მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ.

როგორც საქინფორმს საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე ელისო კილაძემ აცნობა, აღნიშნულ მოთხოვნას მისი მოძრაობაც უერთდება და გელბახიანის გათავისუფლებას ითხოვს.

„ვალერი გელბახიანი 4 წელია, პოლიტიკური დევნილია, მან დედის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც 2008 წელს აღიძრა, ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჩანაწერები, რომლებიც ტელევიზიით გადაიცა, დამონტაჟებულია. მიუხედავად ამისა, გელბახიანი მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ამიტომ არანაირი საფუძველი მისი პატიმრობაში დატოვებისა არ არსებობს. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და გელბახიანს სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას შეუცვლის“, – აცხადება კილაძე.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ჩემი საქართველო“ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. პატარკაციშვილის შტაბს კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ ვალერი გელბახიანი ხელმძღვანელობდა.