თბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის პროგრამის მიხედვით, ისრაელში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარში დღეს წირვას აღავლენს.
დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმიდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერსაც მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმიდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.
21 თებერვალს კი უწმიდესი მთავარ რაბინებს შეხვდება, მოინახულებს გოდების კედელს. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში გაემგზავრება, სადაც წმიდა გიორგის საფლავს მოილოცავს და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებს.22 თებერვალს დელეგაცია ქალაქ ხოლონში გადაინაცვლებს, სადაც ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება.
23 თებერვალს ილია მეორე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმიდა მეფე და წინასწარმეტყველ დავითის საფლავს მოილოცავს.
იმავე დღეს დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. ამის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და იერუსალიმის მერს შეხვდება.
24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები წმიდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავენ, იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილს მოინახულებენ და მდინარე იორდანესთან ილოცებენ. ისინი მოილოცავენ წმიდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილსაც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.