საზოგადოება
თბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების აბიტურიენტები საგანგებო კვოტებით ისარგებლებენ. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომავალ სტუდენტებს უფლება ექნებათ, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა მშობლიურ (აზერბაიჯანულ და სომხურ) ენაზე ჩააბარონ, რის საფუძველზეც მოსამზადებელ კურსებზე ჩაირიცხებიან.
სახელმწიფო დაფინანსებას სტუდენტები ზოგადი უნარების გამოცდაზე დაგროვილი ქულების მიხედვით მიიღებენ, დაფინანსება შემდგომი სწავლების პერიოდშიც გაგრძელდება.
უმაღლესი განათლების მიღებაში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების დახმარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზეა მიმართული.
პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და მასში დაახლოებით 300-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.