აქტუალური
გაერო საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს

kritika-maina-kiaiთბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ადამიანის უფლებებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან მტკივნეულ თემაზე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ გუშინ, 13 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. კიაიმ ხაზი გაუსვა იმ შემაშფოთებელ გარემოებებს, რამაც, მისი განმარტებით, „შესაძლოა, ქვეყანას მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნას“.

„მიუხედავად რევოლუციის შემდგომი წინსვლისა, არსებობს მთელი რიგი შემაშფოთებელი ნიშნებისა, რომლებიც ქმნის საფრთხეს, რომ ქვეყნის განვითარების დადებითი ტრაექტორია შეიცვალოს და მოდერნიზაციაზე ფოკუსირებამ გამოიწვიოს შიშის გავრცელება და ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვა. ქვეყანა ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სადაც მას შეუძლია ნაბიჯის წინ გადადგმით ან გააუმჯობესოს მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, ან დაბრუნდეს უკან. ერთადერთი საშუალება, რითაც საქართველოს შეუძლია გააგრძელოს გზა კეთილდღეობის, სიმდიდრისა და უსაფრთხოებისკენ, არის  ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა. ბოლო დროს მიღებული კანონები და სახელმწიფოს ქმედებები, როგორც ჩანს, ქვეყანას საფრთხეს უქმნის ამ გზაზე“, – განაცხადა კიაიმ.

მისივე შეფასებით, 2011 წელს მიღებულმა კანონებმა, რომლებიც პოლიტიკურ გაერთიანებებს უკავშირდება, თავისი ორაზროვანი მნიშვნელობით ხელი შეუწყო უნდობლობის გარემოს შექმნას და ძირითადად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.

გაეროს სპეციალური მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსაც. მისი თქმით, აუცილებელია ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები. კიაი მიიჩნევს, რომ 26 მაისს პოლიციის მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეთა დასჯა და დაშინება იყო.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით სრულ ანგარიშს 2012 წლის ივნისში გამოაქვეყნებს.