აქტუალური
აშშ-ისა და ევროკავშირის გამოხმაურება ტერაქტის მცდელობებზე

eshtoni-klintoniთბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 13 თებერვალს, თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელა რომან ხაჩატურიანის პირად  ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი  მოწყობილობა, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი.

„რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – განმარტავენ შსს-ში, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველოში ისრაელის საელჩოზე ეს თავდასხმის პირველი მცდელობა იყო, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

ისრაელის მედიის ცნობით კი, მსგავსი თავდასხმა გუშინ ინდოეთში ისრაელის საელჩოს კუთვნილ ავტომანქანაზეც მოხდა. თბილისისგან განსხვავებით, ნიუ დელიში ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სამხედრო ატაშეს მეუღლე დაზიანდა.

აღნიშნულ ფაქტებს უკვე გამოეხმაურნენ აშშ და ევროკავშირი, რომელთაც დაგეგმილი თავდასხმები დაგმეს. „რაც შეიძლება ძლიერად ვგმობ ისრაელის დიპლომატიური მისიის ავტომანქანაზე თავდასხმას ინდოეთში და თავდასხმის მცდელობას საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე. ტერორიზმის უბედურება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ემუქრება“, – აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებაში

მისივე თქმით, „ამერიკისთვის მსოფლიოს გარშემო დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აშშ მზადაა, დახმარების შესათავაზებლად ამ ფარული ქმედებების გამოძიებისთვის“.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი კი აღნიშნავს, რომ „თავდასხმები ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია“.