სამართალი
თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფარი დედაქალაქის ყველა რაიონში გაიხსნება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მე-5 საავადმყოფოში ყინვების შედეგად დაშავებულები მოინახულა და მერიის მიერ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.
თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება ვაკე-საბურთალოს რაიონში – ცაგარელის №19-ში, დიდუბე-ჩუღურეთში – ვანის ქუჩა №4-ში, ძველ თბილისში – პეტრიაშვილის №25-ში, ისანი-სამგორში – ზემო ფონიჭალა, მე-3 მიკრორაიონის №209 ბაგა-ბაღში, გლდანი-ნაძალადევში – გურამიშვილის №33 ა-ში.
ოფიციალური მონაცემებით, ძლიერი ყინვების შედეგად თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მე-5 საავადმყოფოში მოყინვისა და ტრავმის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, სამი უსახლკარო მოქალაქე სხეულის მოყინვის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო 9 დაზარალებული სტაციონარშია მოთავსებული. სულ მოტეხილობებით კლინიკებს 250-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. იმ პაციენტების სამედიცინო ხარჯებს, რომელთაც დაზღვევა არ აქვთ, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი დაფარავს.