რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი სინანულის მნიშვნელობაზე

monaniebaთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოდვის მონანიებისა და სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, წმიდა ეკლესია მრევლს დიდი მარხვისთვის ამზადებს, რადგან უძღები შვილის კვირა იწყება. უწმიდესის თქმით, ადამიანი ღვთის ურთულესი ქმნილებაა.

„იგი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, როდესაც ის ეცემა, მაშინ უფალი მიდის და აყენებს მას, რათა გააგრძელოს ცხოვრების გზა. დავით წინასწარმეტყველი ამბობს – ყოველი კაცი ცრუ არს და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. წმიდა სახარება და უფალი გვასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს ცოდვაში“, – ბრძანა პატრიარქმა.

საკვირაო წირვაზე წაკითხულ იქნა სახარებიდან ის მონაკვეთი, სადაც საუბარია უძღები შვილის დაბრუნებაზე, რომელიც სინანულით მივიდა მამასთან და მამამ იგი მიიღო. როგორც უწმიდესმა აღნიშნა, მას სინანულის გრძნობა გაუჩნდა, რაც ღვთის მადლის გადმოსვლის ნიშანია.

„ცოდვა ადამი და ევადან არსებობდა. ადამიანი ვარდება ცოდვაში. ჩვენი წინაპრები ჩვენ გვჯობიან, რადგან ისინი ყოველთვის უფრო მეტად განიცდიდნენ ცოდვას, მას არასოდეს ურიგდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ მის მოსანანიებლად. თანამედროვე ადამიანი კი სულ სხვაა, შეიცვალა და ცოდვაც ცოდვად კი არა, ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. როცა ადამიანი დაბრუნდება უფალთან, უფალი ბრძანებს, რომ ზეციურმა ძალებმა მას შესამოსელი და დიდება მისცეს, ისევე, როგორც უძღებ შვილს – საკუთარმა მამამ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, თუ ადამიანი გრძნობს, რომ ცოდვა მისთვის მიუღებელი და ხორცმეტია, ამ შემთხვევაში უფალი მასთანაა. „უფალი გამოგვასწორებს, დაგვეხმარება, დაცემულს აღგვადგენს და აუცილებლად მივალთ ბოლომდე. ყოველი ჩვენგანი დგას კიბეზე, რომელიც ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე ადის. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე უნდა ავიდეთ და მადლობა ვუთხრათ უფალს“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ქადაგების ბოლოს უწმიდესმა მღვდელმონაზონი სერაფიონ წიკლაური ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა, მღვდელი დავით იობიძეც დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.