თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შს სამინისტროს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნის გაცემის ვადა 14 თებერვალს ეწურება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს.
მათი განმარტებით, სწორედ რეესტრისა და შსს-ის მიერ გაცემული დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.
ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრისა და შს სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, პრეზიდენტს, კანონით, 30-დღიანი ვადა აქვს, რათა ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ქუცნაშვილის ცნობით, არსებული პრაქტიკით, როგორც წესი, პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში აწერს ხელს.