საზოგადოება
12 თებერვალს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

yinvaaთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. სინოპტიკოსები ისევ თოვას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, აღმოსავლეთ საქართველოში თოვს. დასავლეთ საქართველოშიც თოვლის ნალექი დილიდან იქნება, ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.

გასულ ღამეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 0-3 გრადუსი იყო, აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე დაბალი ტემპერატურა -9 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა. წუხელ თბილისში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იყო.

სინოპტიკოსები ყველაზე დაბალ ტემპერატურას ქვეყნის ტერიტორიაზე 12 თებერვლის ღამეს პროგნოზირებენ. კერძოდ, თბილისში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება, -15 და -16 გრადუსი – შიდა ქართლის დაბლობში; -8 გრადუსი – დასავლეთ საქართველოს დაბლობში. ასეთი დაბალი ტემპერატურა ციტრუსების მოყინვის საფრთხეს შექმნის.

ამასთან, 12-დან 14 თებერვლის ჩათვლით, ქვეყანაში უნალექო ამინდები იქნება. 13 თებერვლიდან დათბება დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ბარში 5-10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყინვები 18 თებერვლამდე გაგრძელდება.