რელიგია
საპატრიარქოს განცხადება საქართველოში მეჩეთების მშენებლობის თაობაზე

sapatriarqo5თბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თანხმობა მისცეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა.

ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრისადმი, ბატონ რეჯებ ტაიპ ერდოღანისადმი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიცб სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთკომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ.

არ აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართულ-თურქული ამ მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში დაб პირველ რიგშიб აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და, ამასთან, საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე), მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით.

ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს – აზიზიეს, მეჩეთის მშენებლობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანების შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება, გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს“.