საზოგადოება
ივანიშვილი აპატიებს სააკაშვილს, ან წასვლას აიძულებს

ivaniSvili-preduprejdaet2თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აფრთხილებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც არანაირ სერიოზულ თანამდებობაზე არ უნდა ჰქონდეს დარჩენის სურვილი, რომ დროულად დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში და ასეთ შემთხვევაში შეცდომების მისთვის მიტევება შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, ამისათვის მიხეილ სააკაშვილმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხოს პოლიციის დეპოლიტიზაცია და დაუბრუნოს მას თავისი ფუნქცია; მედიის გათავისუფლება ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისაგან, ასევე, სწრაფად უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„ასეთ შემთხვევაში, ჩვენც, დარწმუნებული ვარ, თქვენც და საქართველოს მოსახლეობა მთლიანად შევძლებთ და, მე მგონი, ამისი რესურსები კიდევ დარჩა, რომ სააკაშვილს მივუტევოთ და ვაპატიოთ ის შეცდომები, რომლებიც მან მრავალი ჩაიდინა და მას საშუალება ექნება, იყოს ჩვენი მოქალაქე, რისი სურვილი ჩვენც გაგვაჩნია, და საქართველოში მას ეცხოვრებოდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ამას არ იზამს ნებით, მაშინ ვაიძულებთ, რომ ეს გააკეთოს, აიძულებს საქართველოს მოსახლეობა ჩვენი დახმარებით და ის ვერ შეძლებს მთელი საქართველოს დაპატიმრებას, დაშინებას და დატყვევებას, – განაგრძო მან. – ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ დაბრუნდეს კანონიერ სივრცეში, კანონის უზენაესობას სცეს პატივი და ეს მოხდება ნაბიჯ-ნაბიჯ და მოხდება აუცილებლად“.

„მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ვაფრთხილებ სააკაშვილს და მის ახლო გარემოცვას, იდეოლოგებს თუ დამხმარეებს, რომ სააკაშვილი ამოწურავს ყველანაირ რესურსს, თუ ის ძალიან სწრაფად არ დაიწყებს კანონიერების აღდგენას საქართველოში და ეს მოხდება იძულებით და ჩვენ ამას მოვახერხებთ. სააკაშვილს უწევს ხიდების დაწვა, მას აღარ აქვს არანაირი რესურსი  – რესურსი იმისა, რომ მას აღარ ჩაესვლება ამერიკაში, როდესაც ძალისმიერი გზით ვაიძულებთ მას, ყველაფერი დათმოს, რაც ეკუთვნის ხალხს, ვეღარ ჩავა ევროპაში და აღარ დაედგომება საქართველოშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა და მოგვიანებით განმარტა, რომ „ძალისმიერ გზაში“ გულისხმობდა „იძულებას“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება მას არ უნდა და მისი ძალიან დიდი სურვილია, სააკაშვილი დროულად მოეგოს გონს და ნუ ანადგურებს საკუთარ მომავალს.

„დღეს ქვეყანას უფსკრულში მას არავინ აღარ გაატანს, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ, მაგრამ საკუთარი თავი შეიძლება მან გადაჩეხოს და გაანადგუროს საკუთარი მომავალი, – განაცხადა ივანიშვილმა. – მე მისთვის უამრავი კარგი რჩევა მაქვს მიცემული და დღეს ვაძლევ საუკეთესო რჩევას, რომ გონს მოეგოს და დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში და აღიაროს კანონის უზენაესობა“.

8 თებერვალს პრესკონფერენციაზე ივანიშვილი შეეხო აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მიმართ – აშენდეს ჭეშმარიტი დემოკრატიული სახელმწიფო, და ამ კონტექსტში ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზეც ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, ის, რაც ხდება ბოლო წლებში ქვეყანაში, არ არის საინტერესო არც საქართველოს მოსახლეობისთვის და არც აშშ-ის მთავრობისთვის, რომელმაც ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოში, რათა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეამაყა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში იქმნებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრეცედენტი“.

„ის, როგორი რეალობაც გვაქვს დღეს საქართველოში, კარგად იციან ამერიკაში და, რა თქმა უნდა, არ არის მათთვის საინტერესო, საინტერესო არ არის ამის აღიარებაც კი. მათაც აქვთ სურვილი ძალიან იმის, რომ როგორმე მოხერხდეს შემობრუნება, შემოტრიალება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე შეაქე“, თუმცა დახურულ კარს მიღმა მას კონკრეტულად უთხრეს, რომ ამერიკა არ შეეგუება და არ მიიღებს იმას, რასაც აპირებს სააკაშვილი, როგორი გზებითაც და როგორი ხერხებითაც ის აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, რომ ამერიკისთვის ეს იქნება მიუღებელი.

„შიგნით უთხრეს მკვეთრად, გარეთ მოეფერნენ ჟურნალისტებთან ერთად – ეს ნიშნავდა იმას, რომ „შენ თუ მოახერხებ, გადააბარებ ხელისუფლებას კანონიერი გზით, შენ დარჩები როგორც რეფორმატორი ჩვენს თვალში და ამერიკული საზოგადოების თვალში“. მას მისცეს საშუალება, რომ შეინარჩუნოს სახე და მიუთითეს, რომ „ვალდებული ხარ, კანონიერი გზით გადააბარო ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას, გასაგებია, რომ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და მოიგოს ის, თუმცა პრობლემაა მათ ლიდერთან... მას არანაირ სერიოზულ თანამდებობაზე არ უნდა ჰქონდეს სურვილი დარჩენის“.

„მმართველ პარტიას აქვს ეს სურვილი და ცუდი არაფერი არაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ აქვთ ძალიან ცოტა შანსი, რომ ისინი დარჩნენ დომინანტად დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მისი კოალიცია უმრავლესობით მოიგებს.

დაახლოებით, ერთ კვირაში ივანიშვილი მისი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენას გეგმავს. მისი თქმით, თავად პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში არის დაგეგმილი.

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა მის პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარადგინა, რომელიც პარალელურ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელობას.

მაია ფანჯიკიძე 1994 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა: იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ბოლოს კი – ნიდერლანდების სამეფოში. ამ უკანასკნელი თანამდებობიდან ის 2010 წელს ვადამდე ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ფანჯიკიძემ მაშინ მისი ნათესაური კავშირი დაასახელა ივანიშვილის ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტნიორთან და მაშინ ოპოზიციაში ახლად გადასულ ირაკლი ალასანიასთან.

რაც შეეხება კოალიციას და მის შესაძლო გაფართოებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოყალიბდა მისი კოალიციის შიგნით და ხაზი გაუსვა, რომ ფუჭია გარედან, მათ შორის, მედიის მიერ იმის მცდელობა, რომ გუნდში დაპირისპირება წარმოაჩინონ.

„სეთურის სამსახური [თავად განმარტა როგორც „დასმენის და ჭორების მომტანი სამსახური“], რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს დღეს, მე მგონი, მერაბიშვილის სამსახური... [რომლიდანაც] ხშირად შემოაქვთ ჩემამდე [ცნობები] და ხშირად აღწევს, არაფერი ძალა ამას არ ექნება და ტყუილად იხარჯებიან. მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის შერჩევა, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პარტიით, რომელთანაც ჩვენ უკვე მოვახერხეთ ურთიერთობის დამყარება“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა კოალიციის გაფართოების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ის მოპალარაკებებს აწარმოებს „ქალთა პარტიის“ ლიდერ გუგული მაღრაძესა და „საქართველოს გზის“ დამფუძნებელ სალომე ზურაბიშვილთან, რომლებიც, მისი თქმით, მზად არიან თანამშრომლობისთვის. ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ განცხადება 2010 წლის ნოემბერში გააკეთა და დიპლომატიური კარიერა გაეროში განაგრძო.

ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინირებულად წარდგენის ინიციატივის ფარგლებში ის განიხილავს თანამშრომლობას „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერ გია ჟორჟოლიანსა და მწვანეთა პარტიასთან, რომლის ხელმძღვანელიც არის გია გაჩეჩილაძე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში „ეჭვმიტანილ“ პარტიებთან, რომელთა შორისაც მან ჯერ კიდევ ოქტომბერში „ქრისტიან-დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, „ჩვენ ურთიერთობები არანაირი არ გვექნება, რადგან განვიხილავთ ისეთივე რანგში, როგორც სახელისუფლებო პარტიას“.

მისი თქმით, ასეთი ეჭვები არ არსებობს ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიების მიმართ, მაგრამ იდეოლოგიური განსხვავებების გამო მათთან კოალიციურ თანამშრომლობას, ალბათ, ვერ მოახერხებს. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ საარჩევნო სივრცის გაუმჯობესებისა და მსგავს ტექნიკურ საკითხებზე სიამოვნებით ითანამშრომლებენ მათთან.

„ჩვენ ვართ პროდასავლური იდეოლოგიის და არჩევნების გზით ვაპირებთ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას. ქალბატონი ბურჯანაძეც და კუკავას პარტიაც პროდასავლურობას არ მიესალმებიან და, ამავდროულად, ცდილობენ, ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა, – განმარტა მან. – მათ განვიხილავთ როგორც ოპოზიციურ პარტიებს, დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებს და ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ არავითარი კრიტიკა [არ იქნება], მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა“.

რაც შეეხება ივანიშვილის აქტივების  გაყიდვას რუსეთში, რომელიც 5.5 მლრდ დოლარად შეფასებული, ბიზნესმენის ქონების მესამედს შეადგენს და მისი რეალიზაციაც მისი ერთ-ერთი განაცხადი იყო პოლიტიკაში შემოსვლისას. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პროცესი მიმდინარეობს და ძირითადი კონტრაქტები აპრილისთვის შედგება.

მისი თქმით, თითქმის ყველა მის ობიექტს ორ-ორი მყიდველი ჰყავს, თუმცა ეს პროცესი, გარკვეულწილად, ფერხდება ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

„მე მგონი, აპრილამდე ყველაფრის რეალიზაცია მოხერხდება. რაც მთავარია, არიან რეალური მსურველები, არის წინადადებები, მიდის ვაჭრობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთთან ფორმალური კავშირების გაწყვეტის მოტივით ასევე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.