რელიგია
"აფხაზეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი გვერდის ავლით ვერ გამოეყოფა"

cerkovთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. "აფხაზეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც მთავარია, მისი გვერდის ავლით ვერ გამოეყოფა", - განუცხადა "ნოვოსტი-გრუზიას" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

2012 წლის 3 თებერვალს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე "სახალხო კრება" ჩატარდა, რომელზეც "აფხაზეთის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის" შესახებ გამოაცხადეს.

"ეკლესიაში სხვა კანონები მოქმედებს, ის განსხვავებული კანონებით ხელმძღვანელობს. კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარია და ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე მისგან გამოყოფა არავის შეუძლია", - აღნიშნა მამა მიქაელმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ სოხუმში ჩატარებული კრება სტამბულში მსოფლიო პატრიარქის ბართლომესა და აფხაზეთის სასულიერო პირების შეხვედრის  შედეგი იყო, რომელიც 2012 წლის 9 იანვარს გაიმართა.

"შესაძლოა, შეხვედრები შედგა, მაგრამ საფუძვლიანად ვეჭვობ, ამ შეხვედრებზე მთავარი ეკლესიის გვერდის ავლით მისგან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფისა და მისი დამოუკიდებლობის საკითხი განეხილათ. ეს მათი სურვილია და სურვილადვე დარჩება მანამდე, სანამ მსოფლიო ეკლესიის კანონები მოქმედებს", - განაცხადა დეკანოზმა, ხაზი გაუსვა რა, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილია.