პოლიტიკა
ივანიშვილი ნატოსა და რუსეთის შესახებ

bidzina-natoთბილისი, 8 თებერვალი, საქინფორმი. მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ერთდროულად ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან სწორი ურთიერთობის დამყარება.

„ვფიქრობ, ნატო და პროდასავლური კურსი არის ჩვენი ქვეყნის ბედი, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. – ნურცერთ პოლიტიკოსს ნუ ექნება იმის ილუზია, თითქოს ქართველი ხალხი შეეგუება სხვა არჩევანს... საქართველოსთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ნატოსკენ სწრაფვისა და ერთიან ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისა“.

„თუმცა ისიც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედია ის საზღვარიც, რომელიც დიდ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, გვაქვს... დღევანდელი გადმოსახედიდან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ გეტყვით: მე შესაძლებლად მიმაჩნია ერთდროულად რუსეთთანაც სწორი ურთიერთობის დამყარება და ნატოსკენ სწრაფვაც“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო გველის წინ... ჩვენ უნდა მოვახერხოთ, სწორ დროს სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ სიტუაცია. ფაქტია, ვერც რუსეთს ვერ გადაიტანს ვერავინ იმ გეოპოლიტიკური სივრციდან, რომელშიც არის, და ვერც საქართველოს შეუცვლის ადგილს ვერავინ! პირველ რიგში, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ, სადაც აღარ იქნება მსგავსი ავტოკრატია, რაც სააკაშვილმა მოგვახვია თავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დეკემბრის ბოლოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ნატოზე, მათ შორის, ის, რომ „საქართველოსთვის ნატოს ალტერნატივა არ გააჩნია“, ხარკის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე ივანიშვილის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. ბოკერიამ ხაზი გაუსვა ივანიშვილის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ თავდაპირველ განცხადებებს, სადაც ის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა.

მისი თქმით, „სახეზეა გარკვეული ეროზია ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც რამდენიმე წელია, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძირითად ნაწილს შორის იყო მყარი კონსენსუსი – ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მკაფიოდ დაფიქსირებულ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე“.

„აქ არის, ჩემი აზრით, საგანგაშო ნიშნები“, – განაცხადა ბოკერიამ 27 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსაზრება – რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება, ძალიან დიდი შეცდომაა.

„ეს ნიშნავს ირიბად აღიარებას გავლენის სფეროსი, რომ ვიღაცას აქვს ვეტო შენს განვითარებაზე, სხვა ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, შენ რა მიმართულებით წახვალ“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამგვარი მიდგომა ნატოში ინტეგრაციისთვის „დავარცხნილად უარის თქმას“ ნიშნავს.

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ იმ ქვეყნებმა მოახერხეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგება მეტ-ნაკლებად, ვინც გააღწია ამ გავლენის სფეროდან“, – განაცხადა მან.